logo
ENG



"დავრწმუნდეთ, რომ არჩევნები იქნება მაქსიმალურად სამართლიანი" - სენატში საქართველოზე იმსჯელეს

26 ოქტ 202309:03
3 წუთის საკითხავი
 

სენატში, ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტში, მოსმენა გაიმართა, სადაც საქართველოზე იმსჯელეს. ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ობრაიენმა საქართველოს მიმართ არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში რუსეთი და ჩინეთი ახსენა.

მსჯელობის საგანი მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და საქართველოში შეერთებული შტატებიდან გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნა იყო.

ობრაიენის თქმით, ამ პროცესში უკვე ჩართულია შტატების ახალი ელჩი მის ევროპელ კოლეგებთან ერთად.

"ჩვენ ველოდებით გაეროში, არჩევნებისთვის მოსამზადებელი ოფისის პირველად ანგარიშს, რომელიც გვეტყვის, როგორი უნდა იყოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის დიზაინი საქართველოში, რის შემდეგაც, ვიმუშავებთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს არჩევნები იქნება მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი და ეს ჩვენ ქართველ ხალხთან და ძალიან კარგ პარტნიორებთან, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შეგვიძლია რომ უზრუნველვყოთ.

ვესაუბრეთ აქტივისტებს საქართველოდან და ისინი ამბობენ, რომ საქართველო მათი ქვეყანაა და რომ ისინი არსად მიდიან იმ ქვეყნიდან და რომ იქ იქნება დემოკრატია. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენი ამოცანაა დავეხმაროთ მათ კარგი არჩევნების ჩატარებაში", - თქვა ობრაიანმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, ასევე ანაკლიის პორტზეც ისაუბრა, როგორც მაგალითზე ჩინეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხისა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებისადმი გაკეთდა მკაფიო განმარტება სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან იმის შესახებ, რომ ქვეყანამ არ უნდა გადასცეს მართვის უფლებით სტრატეგიული ობიექტები ისეთ ქვეყანას, რომელიც ინტელექტუალურ საკუთრებსა და კანონის უზენაესობას პატივს არ სცემს.

"ჩვენ მათ მკაფიოდ განვუცხადეთ, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურა არ უნდა ეკუთვნოდეს სახელმწიფოებს, რომლებიც იპარავენ ან იქვემდებარებენ ქვეყნებს, რომლებშიც საქმიანობენ და ეს მოიცავს იმ ტიპის ობიექტებს, როგორიც ანაკლიაა. როგორც ვიცი, ამ ტენდერში ორი ფინალისტია. პროექტის დასრულებამდე მრავალი წელია დარჩენილი. არსებობს ერთობლივი, ჩინეთისა და სინგაპურის კონსორციუმი, ისევე როგორც დასავლური კონსორციუმი, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ ძალიან დიდი სესხი გამოყო ფოთის პორტში მდებარე ობიექტზე, რომელიც ახორციელებს დიდი ტვირთების გადატანას. ადრეც აღვნიშნე, რომ ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ობიექტების განვითარებაზე საქართველოში, რათა მათ შეძლონ ბევრად მეტი ტრაფიკის მართვა. ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებას, რომ კომპანია, რომელიც მსგავსი ობიექტების მართვაში იქნება ჩართული, დაექვემდებაროს და პატივი სცეს კანონის უზენაესობას", - აღნიშნა მაღალჩინოსანმა.


close დახურვა